logo
ENG



FB-მა გააუქმა "პატრიოტებთან" დაკავშირებული ანგარიშების ქსელი, რომელიც PosTv-საც უკავშირდება

06 ნოე 202015:09
3 წუთის საკითხავი
 

Facebook-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ფეისბუქ ჯგუფების, გვერდებისა და ანგარიშების ქსელი გააუქმა, რომლებიც, თავის მხრივ, PosTv-სთან არის დაკავშირებული. 

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) განცხადებით, ეს ჯგუფები და ანგარიშები აწარმოებდნენ დეზინფორმაციის კამპანიას პროდასავლური ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხელს უწყობდნენ პატრიოტთა ალიანსის ანტიდასავლური და პრორუსული დღისწესრიგის გავრცელებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას და ავრცელებდნენ ქართული ოცნების წარმომადგენელთა მხარდამჭერ კონტენტს.

DFRLab-ის ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ჯგუფები ქმნიდნენ ახალ, მეინსტრიმ ფეისბუქგვერდებს და წვდომის გაზრდის შემდეგ, პირდაპირ ავრცელებდნენ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული სააგენტოების მიერ შექმნილ მასალებს. ამას გარდა, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ჯგუფები ქმნიდნენ სხვადასხვა კულტურული მიმართულების, მაგალითად, სპორტულ გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც შემდგომ პირდაპირ "პატრიოტების" სააგენტოებში შექმნილ მასალებს ავრცელებდნენ. 

მაგალითებად კვლევაში მოყვანილია: Tinp.ge ; Sportvideo.ge ; Footballs.ge ; Sportery.ge ; Blogsport.ge; Dailyinfo.ge და ა.შ

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საიტის ლინკი - Dailyinfo.ge, Sportery.ge და blogsport.ge - რეგისტრირებულია ერთი და იმავე სახელით და გვარით - ბექა წულაიათი. 

DFRLab-მა ასევე გამოავლინა, რომ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ზემოთჩამოთვლილი გვერდები პირდაპირაა დაკავშირებული პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა - PosTv-თან. მაგალითისთვის, PosTv-ის სოციალური მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ამაშუკელი Sportery.ge-ის თანამფლობელია. ამაშუკელი და წულაია კი ერთად Dailyinfo.ge-ის ადმინისტრატორები არიან. 

აღსანიშნავია, რომ Dailyinfo.ge-ს თავდაპირვეად "Milan Georgia Fans" ერქვა, თუმცა 2020 წლის 6 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას სახელი გადაარქვეს და ახალი ამბების სააგენტოდ აქციეს. 

თავის მხრივ, Dailyinfo.ge, Sportery.ge, Blogsport.ge და Tinp.ge ერთი და იგივე ვებგვერდების კომპანიის მიერაა შექმნილი - Studio GB. 

Facebook-მა ასევე 54 მომხმარებლის ანგარიში გააუქმა, რომელთა ნაწილიც, პირდაპირ პატრიოტთა ალიანსის დღის წესრიგის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. კვლევის მიხედვით, ისინი აღვივებდნენ კრემლისტურ სენტიმენტებს და ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ განწყობებს.

მთლიანობაში ფეისბუქმა ამ ქსელის გამოვლენის შემდეგ 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და 21 ინსტაგრამის ანგარიში წაშალა. 


close დახურვა